სოციალურ ქსელში facebook-მომხმარებელი Irakli Zakareishvili, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციები „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (იხილეთ ბმულები: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7), მორიგ დეზინფორმაციას აქვეყნებს. მტკიცების მიხედვით, პალესტინელებმა ისრაელის სპეცოპერაციების ძალების სარდალი ირვინ ბარანი მოკლეს.
Google სურათების ძიების ინსტრუმენტის (image reverse search) გამოყენებით ვპოულობთ რამდენიმე ონლაინმედიის სტატიას, სადაც აღნიშნული ფოტო ასევე ფიგურირებს. მაგალითად, ისრაელის ეროვნული ახალი ამბების (Israeli National News) ვებგვერდზე ვხვდებით 2023 წლის 13 ნოემბრით დათარიღებულ სიახლეს იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის თავდაცვის ძალების უდაბნოს საპატრულო ბატალიონ 585-ს („ბედუინების ბატალიონს“) ეწვია, სადაც მას ქვედანაყოფის საქმიანობა ბატალიონის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა ვიცე-პოლკოვნიკმა ნადერ ეიადატმა გააცნო.
ამდენად დგინდება, რომ ფოტოზე ბენიამინ ნეთანიაჰუს გვერდით გამოსახული პიროვნება სინამდვილეში, არა ისრაელის სპეცოპერაციების ძალების სარდალი (გენერალი) ირვინ ბარანი, არამედ ისრაელის თავდაცვის ძალების უდაბნოს საპატრულო ბატალიონ 585-ის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი ნადერ ეიადატია.
დამატებით საჯარო წყაროებში გენერალ ირვინ ბარანის არსებობის დამადასტურებელი მასალა არ იძებნება.
ცნობისთვის, მტკიცება საერთაშორისო მასშტაბით გავრცელდა და ის BBC Verify-ის ჟურნალისტმა შაიან შარდარიზადემ და ისრაელის FakeReporter-მა გადაამოწმა. FakeReporter დეზინფორმაციისა და ინფორმაციული მანიპულაციების წინააღმდეგ მკვლევრებს, აქტივისტებსა და ციფრულ ექსპერტებს აერთიანებს.
დამატებით, ისრაელსა და ჰამასს შორის მიმდინარე დაპირისპირებისას, ჰამასის მიერ გენერლის რანგის სამხედროს მოკვლის ფაქტი ღია წყაროებით არ დასტურდება.
8 ოქტომბერს ისრაელის მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ისრაელის მხრიდან დაღუპულთა შორის ყველაზე მაღალ რანგს პოლკოვნიკი ჯონათან სტაინბერგი და პოლკოვნიკი როი ლევი ფლობდნენ.
2 ნოემბერს ისრაელის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით კი, ღაზას სექტორში 188-ე ჯავშანსატანკო ბრიგადის 53-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი სალმან ჰაბაკა დაიღუპა, რომელიც მედიის განცხადებით, ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის დროს დაღუპულთა შორის ყველაზე მაღალ რანგს ფლობდა.
ამდენად, ოფიციალური წყაროებით არათუ ის ფაქტი, რომ პალესტინელებმა ისრაელის სპეცოპერაციების გენერალი ირვინ ბარანი მოკლეს, არამედ გენერალ ირვინ ბარანის არსებობის ფაქტიც კი არ დასტურდება. ფოტოზე გამოსახული სამხედრო კი სრულიად სხვა პიროვნებაა.
-----------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.